ზოგადი ინფორმაცია
ფობია (ბერძნ. „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიშია. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. შიში თავდაცვის რეაქციაა გარე სამყაროში არსებულ საფრთხეზე. მისი ფიზიოლოგიური საფუძველი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების და საფრთხის თავიდან აცილების ტენდენციით ხასიათდება. ყველა ფსიქიკური და ვეგეტატიური ცვლილება მხოლოდ ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნებას ემსახურება. მაგრამ, როცა იგი კონტროლს აღარ ექვემდებარება გაზრდილი ინტენსივობის გამო, ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, საქმე გვაქვს ფობიასთან.
საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.
ზოგიერთი თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის სემადგენელი ნაწილებია. გაცნობიერებული ქცევის თერაპია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ის საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ. შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლებისა და გქთ-ს მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს. შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება ხანმოკლე პერიოდით პაციენტს ბენზოდიაზეპინი გამოუწერონ. ამგვარი მკურნალობის საშუალებები სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.
No comments:
Post a Comment